ვერიკო ანჯაფარიძე (დ. 6 ოქტომბერი [ძვ. სტ. 23 სექტემბერი], 1900, ქუთაისი ― გ. 30 იანვარი, 1987, თბილისი)
მსახიობი. საქართველოს (1943) და სსრკ (1950) სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო (1943, 1946, 1952), შოთა რუსთაველის სახელობის (1979) და კ. მარჯანიშვილის სახელობის (1975) პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
კინოში იღებდნენ 1925 წლიდან. შექმნა განუმეორებელი ეკრანული სახეები: მარო („საბა”, 1929), ლუიზა („კომუნარის ჩიბუხი”, 1929), კნეინა ბარათაშვილისა („არსენა”, 1937), რუსუდანი („გიორგი სააკაძე”, სსრკ სახელმწიფო პრემია 1943, 1946), ჰანსის დედა („ბერლინის დაცემა” , 1949), დაფინა („სკანდერბეგი”, 1956), ოთარაანთ ქვრივი („ოთარაანთ ქვრივი”, 1958), ნინო („ბედნიერი შეხვედრა“, 1949), კნეინა („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, 1965), პელაგია („შეხვედრა წარსულთან”, 1966), მგზავრი („მონანიება”, 1984) და სხვა. ამ როლებით ვერიკო ანჯაფარიძემ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ქართული და საბჭოთა კინოს ისტორიაში.
იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. 1980 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.
1918 წ. ვერიკო ანჯაფარიძემ იქორწინა შალვა ამირეჯიბთან. ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა. ერთადერთი ქალიშვილი ჩვილი გარდაიცვალა. საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი და 1924 წლის აჯანყების მონაწილე ამირეჯიბი 1925 წელს იძულებული გახდა, საქართველოდან ევროპაში გაქცეულიყო. ვერიკო მას არ გაჰყოლია.
შემოქმედებით ასპარეზზე ერთად მოღვაწეობამ დააახლოვა ვერიკო და მიხეილ ჭიაურელი და ისინი დაოჯახდნენ. მათი ქალიშვილი იყო მსახიობი სოფიკო ჭიაურელი.
ვერიკო ანჯაფარიძე გარდაიცვალა 1987 წელს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
