ვიტალი უგრეხელიძე (1901-1983)
სამხედრო პირი, იუნკერი
დაიბადა 1901 წელს ქუთაისში, სკოლა ჯერ კიდევ დამთავრებული არ ჰქონდა I მსოფლიო ომი რომ დაიწყო. 14 წლის ბიჭი გაიპარა, მოხალისედ ჩაეწერა ჯარში და სანამ მშობლები სახლში დააბრუნებდნენ თურქეთის ფრონტზე ბრძოლებში მონაწილეობის მიღებაც მოასწრო. ქუთაისში ჩამოსვლის შემდეგ წარმატებით დაასრულა გიმნაზია.
საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ვიტალი უგრეხელიძე ჩაირიცხა ახლად დაარსებულ ქართველ ოფიცერთა სკოლაში, საარტილერიო განხრით. წითელი არმიის შემოჭრის დროს მეგობრებთან ერთად ვიტალი უგრეხელიძეც მამაცურად იცავდა ქართული იარაღის ღირსებას. იგი ეკუთვნოდა კოჯრისა და ტაბახმელის გმირ დამცველ იუნკერთა ათასეულს.
ვიტალი უგრეხელიძემ წარმატებით დაამთავრა სამხედრო სკოლა, ლეიტენანტის ხარისხით ჩაირიცხა პოლონეთის არმიაში და გაიგზავნა რუსეთის ფრონტზე, სადაც თავი გამოიჩინა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლებში.
სამხედრო კარიერასთან ერთად ვიტალი უგრეხელიძე ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა. თანამშრომლობდა ემიგრანტულ გამოცემებთან. 1933–1937 წლებში იყო პარიზში გამომავალი ჟურნალ „მხედარის“ რედაქტორი. გარდა ამისა, მან საფუძვლიანად შეისწავლა სადოღე ცხენების მოშენებისა და გახედნის საქმე, გაიჩინა სადოღე ცხენების თავლა, მონაწილეობდა საერთაშორისო შეჯიბრებებში. 1930–იან წლებში მას ეკუთვნოდა არაბული ჯიშის ცხენი „კაშმირი“, რომელმაც მრავალ შეჯიბრში გაიმარჯვა. ვიტალი უგრეხელიძემ დაიმსახურა ოქროს ჯილდო და საუკეთესო ცხენოსნის სახელი პოლონეთსა და ევროპაში.
1939 წელს, როცა პოლონეთი გერმანიასთან ომში ჩაება ვ. უგრეხელიძე დაინიშნა მეშვიდე ცხენოსანთა ნაწილში. ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის იგი პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი – „ვირტუტი მილიტარის” ორდენით დაჯილდოვდა. ორი წელი გერმანელების ტყვეობაში გაატარა, როცა გაანთავისუფლეს კვლავ ჩადგა პოლონეთის სამსახურში, აღადგინა მე–17 მსროლელთა პოლკი და თავად ჩაუდგა სათავეში. აქტიურად იყო ჩაბმული წინააღმდეგობის მოძრაობაში. ადგენდა ტერორისტულ აქტებს და ხშირად თავად ანხორციელებდა. თავის სახლში აწყობდა წინააღმდეგობის მეთაურთა კრება–თათბირებს, აქვე მალავდა ებრაელებს და ამარაგებდა მათ ყალბი მოწმობებით. ასე გაგრძელდა ვარშავის 1944 წლის აჯანყებამდე.
ომის დამთავრების შემდეგ ვიტალი უგრეხელიძემ გასაბჭოებულ პოლონეთში დაბრუნება არ ისურვა და უგორსკის გვარით დასახლდა ინგლისში. უკვე ხანში შესულს თავიდან მოუხდა ცხოვრების დაწყება. მუშაობდა ქარხნებში მუშად, მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ლიტერატურული მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. წერდა სტატიებს, როგორც ქართულად, ისე პოლონურად. აქვეყნებდა ემიგრანტულ პრესაში.
ვიტალი უგრეხელიძე გარდაიცვალა ლონდონში, 82 წლის ასაკში, 1983 წლის 15 იანვარს. მან დაიბარა მისი ფერფლი მდინარე ტემზაში ჩაეყარათ, იქნებ ოდესმე წყალმა ჩემი სამშობლოს ნაპირებზე გამორიყოსო. მეუღლემ თხოვნა არ შეუსრულა, მისი ფერფლი ოჯახში ურნაში ინახებოდა და აი, 30 წლის შემდეგ, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის ორგანიზებით ქართველი იუნკერისა და პოლონეთის არმიის მაიორ ვიტალი უგრეხელიძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

