ვლასა მგელაძე (დ. ზომლეთი, 1868 — გ. 1943, პარიზი) – პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი. 1902 წელს იჯდა მეტეხის ციხეში. ილიას დასაფლავების დღეს, 1907 წლის 9 სექტემბერს მუშების სახელით დასამახსოვრებელი სიტყვით გამოეთხოვა მას. 1908 წელს ევროპაშია – ჯერ ვენაში, ხოლო შემდეგ ციურიხში. ურთიერთობა ჰქონდა პ. აქსელროდთან და გიორგი პლეხანოვთან. მონაწილეობა მიიღო სპარსეთის 1908 წლის რევოლუციაში და უშიშარი მებრძოლის სახელიც მოიხვეჭა. 1910 წელს კვლავ ჩავიდა თეირანში, დაესწრო მეჯლისის გახსნას და ირანის კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით წარმოთქვა სიტყვას, რომელმაც მეჯლისზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდნა. ეს სიტყვა „რუსკოე სლოვოში“ გამოქვეყნდა და ევროპაშიც გავრცელდა. 1910 წლის მეორე ნახევრიდან კვლავ ევროპაში იყო და როგორც სოციალ–დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი ეწეოდა რევოლუციურ საქმიანობას, კითხულობდა მოხსენებებს სპარსეთის რევოლუციაზე სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის მაქსიმ გორკის მიწვევით კაპრიზე, სადაც გაიცნო ლენინი. 1911 წელს ვლასა მგელაძე საქართველოში ჩავიდა ნოე ჟორდანიასთან შესახვედრად, მაგრამ ჟანდარმერიას ჩაუვარდა ხელთ. იჯდა ბათუმისა და მეტეხის ციხეებში. 1913 წელს ეტაპით გაგზავნეს ციმბირში, მაგრამ მალე გამოიქცა და ჯერ პეტერბურგში ჩავიდა საიდუმლოდ, შემდეგ ბაქოში, აქედან კი ქუთაისის გავლით გურიაში ამოჰყო თავი. მოინახულა მოხუცი დედა და კვლავ პეტერბურგის გზას დაადგა. აქ იშოვა პასპორტი და ებშტეინის სახელით გერმანიაში გაემგზავრა. შემდგომ წლებში კვლავ აქტიურად მოღვაწეობდა სოციალ–დემოკრატთა ემიგრანტულ წრეებში, იყო რუსეთის სოციალ–დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი. რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ვლასა მგელაძე იმედებით აღსავსე დაბრუნდა სამშობლოში. 1918-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის კომისარი, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი. ვლასა მგელაძემ შესანისნავი სიტყვა წარმოთქვა 1918 წლის 26 იანვარს, თბილისის უნივერსიტეტის გახსნის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 1918 წლის 26 მაისს, იგი მამადავითზე აიჭრა და ზარების რეკვით ახარა ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობა. გარდაიცვალა 1943 წელს პარიზში. დაკრძალულია დაბა ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

