ვლადიმერ ელოშვილი (დ. 18 დეკემბერი, 1927, ტფილისი — გ. 20 ნოემბერი, 2009, თბილისი) – ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. 1949–1959 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1949 წლის 13 სექტემბერს, საკავშირო პირველობის 34-ე ტურის კალენდარულ მატჩში, კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ 1959 წლის 6 ივნისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-8 ტურის კალენდარულ მატჩში, კიშინიოვის „მოლდოვას“ წინააღმდეგ ითამაშა. საბჭოთა კავშირის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1951, 1953). საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1967). ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. მწვრთნელობის პერიოდში (1961–1987) აღზარდა არაერთი ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი. 1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ვლადიმერ ელოშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა თეა ჭელიძემ.

