ხუტა ბერულავა (დ. 10 დეკემბერი, 1924, ზუგდიდი — გ. 27 სექტემბერი, 2004, თბილისი) — პოეტი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, შემდეგ მაქსიმ გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტი (1952). იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი. 1967-1979 წლებში გამომცემლობა „განათლების“ დირექტორი. ლექსებს 1941 წლიდან აქვეყნებს, პირველი კრებული 1944 წელს გამოვიდა. პოპულარული გახდა მეორე მსოფლიო ომის გმირებისადმი მიძღვნილი მისი ლექსები („ამხანაგო მიშაკოვ, ძმაო შალამბერიძევ“, 1941; „ვარსკვლავეთს მოსწყდა ვარსკვლავი“, 1945). ბერულავას ნაწარმოები თარგმნილია უცხო ენებზე. მისი პირადი არქივი 2009 წლის 17 მარტიდან ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

