ზაქარია ჩხუბიანიშვილი (1903-1980) – გამომგონებელი, ინჟინერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი. 1917 წლამდე სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. სახსრების უქონლობის გამო, იგი იძულებული იყო თავი დაენებებინა სწავლისათვის. 1935 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის სატყეო მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, სადაც მუშაობდა 1936 წლამდე. ამავე წელს გაიგზავნა ლენინგრადის სატყეო-ტექნუკური აკადემიის ასპირანტურაში. 1937 წლის ივნისში გამოწვეულ იქნა აკადემიიდან და დაინიშნა თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტის დირექტორად. იყო საქართველოს სსრ სატყეო მრეწველობის სახალხო კომისარი. 1956-1976წწ. ხელმძღვანელობდა თავის ინიციატივით დაარსებულ სატყეო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და სამი მონოგრაფიის ავტორი.
მისი ინიციატივით დაინერგა ფოთლოვანი ჯიშის მერქნის (მურყანი) გამოყენება ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობაში, ამ საკითხზე დაიცვა დისერტაცია “მურყანის მერქანი და მისი გამოყენება ცელულოზისა და ქაღალდის მრეწველობაში” (მონოგრაფია, 1961წელი). ზაქარია ჩხუბიანიშვილის უშუალო მონაწილეობითა და ინიციატივით აშენდა ავეჯის ფაბრიკა და ხის დამამუშავებელი კომბინატი თბილისში, ახმეტის სახერხი ქარხანა, ენგურის ქაღალდის კომბინატი, ახალდაბისა და ქუთაისის ავეჯის ფაბრიკები, ავეჯის მსხვილი საწარმო “განთიადი” თბილისში. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლები, მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

