ზაქარია ფალიაშვილი (დ. 3 აგვისტო/16 აგვისტო, 1871, ქუთაისი — გ. 6 ოქტომბერი, 1933, თბილისი)
კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1925). ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი.
თავდაპირველი მუსიკალური განათლება უფროსი ძმის ივანეს ხელმძღვანელობით მიიღო ქუთაისში; სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას; მღეროდა ეკლესიის გუნდში, 1887 წლიდან კი თბილისში. 1891 წლიდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას; 1895–1899წწ. თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა; 1896 წლიდან დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება (შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები); 1900–1903წწ. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო მოსკოვის კონსერვატორიაში; აქვე ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს; 1903 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო მოღვაწეობა.
დაკრძალვის ადგილი: ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღი, თბილისი.

