კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ ავალიშვილი (დ. 1874, თბილისი — გ. 21 მაისი, 1944, შვარცენფელდი, გერმანია) –
ქართველი მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი (1909), საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1917). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი.
დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია (1893) და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1898) და იქვე იქნა დატოვებული საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1902-1904 წლებში მივლინებული იყო საფრანგეთში. 1904 წელს დაბრუნდა პეტერბურგში, სადაც 1906 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია (“დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა საფრანგეთში ნაპოლეონის დროიდან 1905 წლამდე”).
1907-1909 და 1912-1913 იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის კათედრის პრივატ-დოცენტი, შემდეგ კი პროფესორი. 1909 წელს მიიწვიეს პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის პროფესორად და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის გამგედ. აღნიშნულ ინსტიტუტში მოღვაწეობდა იგი 1913 წლის ჩათვლით. 1912-1917 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს იურისკონსულტი.
1918 წელს ავალიშვილი საქართველოში დაბრუნდა და დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის მანძილზე (1918-1921) ზ. ავალიშვილი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. იგი იყო მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის მიმდევარი. საქართველოს ინტერესებს იცავდა ბათუმის კონფერენციაზე. სწორედ ამ კონფერენციის მსვლელობის დროს მისთვის სავსებით ნათელი გახდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციის არსებობის უსაფუძვლობა და აუცილებლობა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა. ამ მიზნით, ბათუმშივე მოამზადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტი (რაშიც მას კონსულტაციას უწევდა ცნობილი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი ფონ დერ შულენბურგი), რომელიც 1918 წლის 22 მაისს თბილისში გადმოუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს. მცირე კორექტივების შეტანის შემდეგ, ეს ტექსტი დამტკიცებულ იქნა ეროვნული საბჭოს საგანგებო ყრილობაზე, იმავე წლის 26 მაისს. ზ. ავალიშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდა გერმანიასთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობათა განმტკიცებაში. 1919 წელს ავალიშვილი, როგორც საქართველოს ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის წევრი, მონაწილეობდა პარიზის კონფერენციაში. ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმზე მან გადაჭრით გაილაშქრა ინგლის-სომხეთის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა ტრაპიზონის ვილაიეთის მნიშვნელოვანი ნაწილის, ბათუმის ოლქის, ყარსისა და არდაგანის (ისტორიული არტაანი) მხარეების სომხეთისთვის გადაცემას. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იყო პოლიტიკური ემიგრანტი. გარდაიცვალა გერმანიაში, 1944 წელს.
1994 წელს მისი ნეშტი გადმოასვენეს თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments