ზურაბ რთველიაშვილი (დ. 16 ოქტომბერი, 1967, ქ. ყარაღანდა, — გ. 20 აპრილი, 2021, თბილისი) –
პოეტი, მულტიმედია არტისტი.
დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. 1987-1990 წლებში მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით. მონაწილეობდა 2003 წელს ვარდების რევოლუციის პერიოდის საპროტესტო გამოსვლებში. 2005 წლიდან გამოდიოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის კრიტიკით. იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერი. 2010–2020 წლებში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობდა შვედეთში. გამოქვეყნებული ჰქონდა რამდენიმე პოეტური კრებული; შვედეთში ცხოვრების პერიოდში რთველიაშვილი თანამშრომლობდა სტოკჰოლმის ავანგარდულ თეატრთან GILJOTIN, სადაც დაიდგა მისი ექსპერიმენტული სპექტაკლი PASS PORT. 2018 წელს მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ პრემია „საბა“ მიიღო წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.
გარდაიცვალა 2021 წლის 20 აპრილს ავადმყოფობის შედეგად. დაკრძალულია მახათას პანთეონში.

