კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზვიად გამსახურდია (დ. 31 მარტი, 1939, თბილისი — გ. 31 დეკემბერი, 1993, სოფ. ძველი ხიბულა, ხობის რაიონი) – მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962). წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.  1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი.  ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე. 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად. 1991 წლის დეკემბრის შეიარაღებული გადატრიალების შედეგად, გამსახურდიამ დატოვა საქართველო და თავი შეაფარა ჩეჩნეთს. 1993 წლის ოქტომბრის დამლევს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ). 1994 წლის თებერვალში იგი გადაასვენეს გროზნოში. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგენა ვერ ხერხდება. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვლას გროზნოში დაასაფლავეს. 2007 წლის 3 მარტს ჩეჩნეთის ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გამსახურდიას საფლავი, დაკარგული გროზნოში ომების პერიოდში, იპოვეს ქალაქის ცენტრში. გამსახურდიას ნეშტის იდენტურობა დაადასტურეს რუსმა ექსპერტებმა დონის როსტოვში და ის 2007 წლის 28 მარტს საქართველოში ჩამოასვენეს. დაასაფლავეს 2007 წლის 1 აპრილს მთაწმინდის პანთეონში.

     

ზვიად გამსახურდიას საფლავი გროზნოში
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments