უშანგი ჭიჭინაძე (1929-2008) – სპორტული ჟურნალისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1954 წელს. დაიწყო მუშაობა გაზეთ “ლელოში”. ჟურნალისტიკაში სპორტიდან მოვიდა. გატაცებული იყო კრივითა და მთასვლელობით. იყო კრივში საკავშირო სტუდენტური თამაშების გამარჯვებული, მონაწილეობდა ქართველ ალპინისტთა ექსპედიციაში პამირზე (1957). რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა “ახალგაზრდა კომუნისტის” სპორტული განყოფილების გამგედ. “ლელოში” დაბრუნებული, სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა ქართულ სპორტს. წერდა ფეხბურთზე, კრივზე, ჭიდაობაზე, ველოსპორტზე, მთასვლელობაზე. მრავალჯერ იყო აკრედიტებული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე. დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე.

